---
title: "მუხლი 72. თავდაცვის ძალების გამოყენება — საქართველოს კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/72"
law: "საქართველოს კონსტიტუცია"
article: "72"
identifier: "matsne 30346"
adopted: "1995-08-24"
consolidated_as_of: "2020-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. თავდაცვის ძალების გამოყენება — საქართველოს კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2020-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 72 (consolidated as of 2020-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/72

1. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

3. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

4. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

5. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/73.md
