---
title: "მუხლი 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/3"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "3"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/3

რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) უსაფრთხოების პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადეკვატური ზომების მიღებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათი მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას;
ბ) მომავალი თაობების დაცვის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომავალმა თაობებმა რადიოაქტიური ნარჩენების იმაზე ნაკლები მავნე ზემოქმედება განიცადონ, ვიდრე ახლანდელი თაობა განიცდის, და მათი მოვლა-პატრონობისათვის იმაზე ნაკლები რესურსი დახარჯონ, ვიდრე ახლანდელი თაობა ხარჯავს;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის კონტროლის პრინციპი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ ახალი რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის ალბათობა შესაძლო მინიმუმამდე შემცირდეს;
დ) დაცულობის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა თავიდან იქნეს აცილებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული ნებისმიერი უკანონო ქმედება მათი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში;
ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გამჭვირვალობის პრინციპი – მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ;
ვ) პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“ – რადიოაქტიური ნარჩენების წარმომქმნელმა ან რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელმა უნდა აანაზღაუროს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) გარემოს დაცვის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გარემოს დაცვა მისაღებ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი;
თ) პრინციპი „დაცვა ქვეყნის საზღვრების გარეთ“ – ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ქვეყნის საზღვრების გარეთ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/4.md
