---
title: "მუხლი 10. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/10"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/10

1. უნივერსიტეტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი.

2. უნივერსიტეტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს.

3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით.

4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება.

5. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული.

6. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის.

7. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.

8. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

9. უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლა ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/11.md
