---
title: "მუხლი 10³. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/10-3"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "10^3"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10³. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 10³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/10-3

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა სისტემაში რეგისტრირებული იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ მუხლით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმავე პუნქტითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირობებს.

3. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტული მოცულობა, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება. ამ მოცულობის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესასყიდი ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების 1%-ს.

4. ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლება, თუ იგი საქმიანობას ამავე მუხლის თანახმად მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ახორციელებს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი III ელექტრონული ტენდერი საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/10-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/11.md
