---
title: "მუხლი 13. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/13"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "13"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/13

1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის. ეს მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. აღნიშნული მოთხოვნები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და ეკონომიკურ ოპერატორთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

2. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუკი ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული.

3. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკური ოპერატორის შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილებას, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება.

6. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს (მიმწოდებელს) მოსთხოვოს, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა დასაბუთდეს.

8. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.

9. ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი, მათ შორის, შესრულებული ვალდებულების შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/14.md
