---
title: "მუხლი 8. მოხალისეობითი ხელშეკრულება — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/8"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მოხალისეობითი ხელშეკრულება — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/8

1. მოხალისეობითი ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) იდება წერილობით ან ზეპირად, განსაზღვრული ვადით ან საქმიანობის განხორციელების ვადით. ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

2. ხელშეკრულება მხარეთათვის გასაგებ ენაზე იდება. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების შემთხვევაში.

3. ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს მოხალისის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სახე, მისი განხორციელების ხანგრძლივობა და ადგილი, არსებობის შემთხვევაში – მოხალისის სტატუსთან დაკავშირებული შეღავათები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობანი.

4. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ხელშეკრულების ვადის გასვლა;
ბ) მოხალისის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის სრულად განხორციელება;
გ) ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უხეში დარღვევა;
დ) მხარეთა შეთანხმება;
ე) მასპინძელი ორგანიზაციის მიერ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
ვ) მოხალისის გარდაცვალება;
ზ) სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მოხალისის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

5. მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია გასცეს მოხალისის შესახებ ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობის და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/9.md
