---
title: "მუხლი 9 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/9"
law: "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "1160"
adopted: "1997-12-11"
consolidated_as_of: "2014-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2014-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2014-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/9

1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4562 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2762 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/10.md
