---
title: "მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი — გრანტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/5"
law: "გრანტების შესახებ"
article: "5"
identifier: "331"
adopted: "1996-06-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი — გრანტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გრანტების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/5

1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება, მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციისთვის ან კლუბისთვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს გრანტის გაცემის მიზანი, მისი მოცულობა, სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულება, მათი ათვისების ვადები და ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით.

3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/5-1.md
