---
title: "მუხლი 6¹. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი — გრანტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-1"
law: "გრანტების შესახებ"
article: "6^1"
identifier: "331"
adopted: "1996-06-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი — გრანტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გრანტების შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-1

1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული მონიტორინგის განხორციელების დროს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება გამოავლინა, იგი ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა მასალა გაუგზავნოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

1¹. ამ კანონის ისეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო.

2. ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია:
ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 5
1
მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე;
ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით;
გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;
ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიან.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

6. სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1291 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-2.md
