---
title: "მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1000"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1000"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1000 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1000

1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.

2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/999.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1001.md
