---
title: "მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/170"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "170"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 170 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/170

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

3. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/169.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/171.md
