---
title: "მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/312"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "312"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 312 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/312

1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა .

2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/311-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/313.md
