---
title: "მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/352"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "352"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 352 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/352

1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა ) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ ) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს; გ ) მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.

3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.

4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ: ა ) საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა; ბ ) საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა; გ ) საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/351.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/353.md
