---
title: "მუხლი 684. გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/684"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "684"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 684. გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 684 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/684

1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა.

2. 682-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 683-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და ხარჯი ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.

3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისაგან.

4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.

5. გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/683.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/685.md
