---
title: "მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/689"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "689"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 689 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/689

1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.

2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.

3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.

4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/688.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/690.md
