---
title: "მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/14"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/14

1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული პირის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელია 17-დან 27 წლამდე ასაკის პირებისა, რომლებიც არ იდგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი აღნიშნული პირების სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მათი გამოვლენისთანავე.

4. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს 27 წლის ასაკამდე ეწოდება წვევამდელი, გარდა იმ პირისა, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ან რომელსაც იგი მოხდილად ჩაეთვალა.

5. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი პირს აცნობს მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

6. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ მონაცემების ანგარიშს მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4258 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/15.md
