---
title: "მუხლი 102. დამსწრე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/102"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "102"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 102. დამსწრე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 102 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/102

1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.

3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/101.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/103.md
