---
title: "მუხლი 109³. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-3"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "109^3"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109³. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 109³ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-3

1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: პროკურორი, შუამდგომლობის ავტორი და პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც მოითხოვება დაცვის ზომების გამოყენება (გარდა ამ კოდექსის 1091 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონისძიება იქნეს გამოყენებული;
ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა;
გ) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულება.

3. დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გადაწყვეტილება საჯაროდ არ ცხადდება.

5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების თაობაზე დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე წერილობით ეცნობებათ მხარეებს, შუამდგომლობის ავტორსა და იმ პირს, რომელსაც შეეხო ეს ზომა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი მოსამართლე (სასამართლო), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლე დადგენილებით (განჩინებით) აუქმებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-4.md
