---
title: "მუხლი 110. მტკიცებულების ცნება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/110"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "110"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. მტკიცებულების ცნება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 110 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/110

1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია:
ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;
ბ) ბრალდებულის ჩვენება;
გ) განსასჯელის ჩვენება;
დ) დაზარალებულის ჩვენება;
ე) მოწმის ჩვენება;
ვ) ექსპერტის დასკვნა;
ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;
თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;
ი) სხვა დოკუმენტები;
კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

2¹. სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:
ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;
ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.

2². ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.

3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.

4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/111.md
