---
title: "მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/124"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "124"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 124 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/124

1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1
1
ნაწილით დადგენილი წესი.

2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.

3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.

4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/125.md
