---
title: "მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/171"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "171"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 171 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/171

1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.

5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/170.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/172.md
