---
title: "მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/223"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "223"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 223 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/223

1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.

2. უნდა ანაზღაურდეს:
ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი;
ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო;
გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი;
დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება;
ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები;
ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის;
ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის;
თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/224.md
