---
title: "მუხლი 233¹. შუამდგომლობა საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "233^1"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 233¹. შუამდგომლობა საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 233¹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233-1

1. პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით.

2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.

3. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.

5. მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.

6. დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში.
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
თავი XXX
საჩივარი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/234.md
