---
title: "მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/242"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "242"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 242 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/242

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:
ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;
ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.

4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.

5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.

8. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/241.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/243.md
