---
title: "მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/251"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "251"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 251 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/251

1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.

3. უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ შუამდგომლობაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.

4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

5. შუამდგომლობის შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.

6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.

7. თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/252.md
