---
title: "მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/283"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "283"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 283 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/283

1. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.

4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/282.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/284.md
