---
title: "მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/312"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "312"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 312 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/312

1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/313.md
