---
title: "მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "329"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 329 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329

1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტოსატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.

3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა, რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.

4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ; დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის და პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.

6. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

8. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს ან პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/328.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/330.md
