---
title: "მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/342"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "342"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 342 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/342

1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.

4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.

5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.

6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.

7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/341.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/343.md
