---
title: "მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/4"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "4"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/4

1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.

4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/5.md
