---
title: "მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/46"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "46"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/46

1. მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

2. (ამოღებულია).

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

4. სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

5. საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/47.md
