---
title: "მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/472"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "472"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 472 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/472

1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.

4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/471.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/473.md
