---
title: "მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/473"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "473"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 473 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/473

1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:
ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;
ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;
გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;
დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.

3. თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.

4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.

5. (ამოღებულია).

6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.

7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.

9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/472.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/474.md
