---
title: "მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/474"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "474"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 474 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/474

1. სასამართლო გამოძიების დროს იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც:
ა) წარმოადგინა ბრალდების მხარემ – პროკურორმა, დაზარალებულმა, მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა;
ბ) წარმოადგინა დაცვის მხარემ – განსასჯელმა, მისმა დამცველმა, განსასჯელის კანონიერმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა;
გ) გამოთხოვილია სასამართლოს მიერ მხარეთა ინიციატივით.

2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.

3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.

4. სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ მონაწილეობას.

5. ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/473.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/475.md
