---
title: "მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/561"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "561"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 561 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/561

1. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;
დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;
ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.

2. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.

3. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.

4. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

5. თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.

6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.

7. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/560.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/562.md
