---
title: "მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/58"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "58"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/58

1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.

2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.

3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.

5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/59.md
