---
title: "მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/593"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "593"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 593 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/593

1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას;
ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს;
გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/592.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/594.md
