---
title: "მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/596"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "596"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 596 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/596

1. საქართველოს მთავარ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით.

3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია
593-ე მუხლის მე-2 ნაწილში
, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:
ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა;
გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი;
დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.

5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. წარდგინებასთან ერთად პალატას გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე.

6. საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/595.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/597.md
