---
title: "მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/616"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "616"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 616 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/616

1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.

2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.

3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.

4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/615.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/617.md
