---
title: "მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/617"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "617"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 617 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/617

1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.

4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.

8. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/616.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/618.md
