---
title: "მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/650"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "650"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 650 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/650

1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში.

2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო.

5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/649.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/651.md
