---
title: "მუხლი 679¹⁷. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-17"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^17"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹⁷. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹⁷ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-17

1. თუ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას არ გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.

2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამომძიებელი აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს), აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას საქმის მასალების გაცნობის თაობაზე. საქმის გაცნობის, საქმის წარმოების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

3. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.

4. გამომძიებელი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილებას საქმის მასალებთან ერთად დასამტკიცებლად გადასცემს პროკურორს. პროკურორი საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კოდექსის 679
16
მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების თაობაზე;
გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.

5. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-18.md
