---
title: "მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/69"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "69"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/69

დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება:
ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;
ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება;
გ) განაცხადოს აცილება;
დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;
ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში;
ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;
თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი;
ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;
ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე;
მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;
ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში –
ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;
ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს
სააპელაციო და საკასაციო
ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;
რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება;
ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;
უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ფ) პროცესის
მწარმოებელ
პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/70.md
