---
title: "მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/72"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "72"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 72 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/72

1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.

2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.

4. (ამოღებულია).

5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა.

6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/73.md
