---
title: "მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/75"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "75"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/75

1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3. (ამოღებულია).

4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/76.md
