---
title: "მუხლი 11. საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის უფლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/11"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 31906"
adopted: "1998-06-26"
consolidated_as_of: "2009-12-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის უფლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2009-12-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/11

1. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

2. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში, რომლის წევრიც არ არის.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობდეს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი; დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო; ვ) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

4. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/12.md
