---
title: "მუხლი 35. სახელმწიფო გარანტიის გაცემის პროცედურა — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/35"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "35"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სახელმწიფო გარანტიის გაცემის პროცედურა — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/35

1. სახელმწიფო გარანტიის მისაღებად ეკონომიკურ აგენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებულია: ა) ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი; ბ) მომსახურე საფინანსო დაწესებულებაში ანგარიშსწორების ანგარიშისა და ანგარიშის ნომერი; გ) კრედიტის თანხა, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია და კრედიტის გაცემის პირობები; დ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს კრედიტის მიზანს, გასათვალისწინებელ ხარჯებს, მოქმედების პერიოდს, სავარაუდო სარგებელსა და შესაძლო რისკს; ე) კრედიტის გამცემი საკრედიტო დაწესებულების დასახელება, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია; ვ) თარიღი, როდესაც სესხის ამღებმა ითხოვა სესხზე სახელმწიფო გარანტია.

2. ეკონომიკურმა აგენტმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ა) ბოლო ორი წლის სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო ბალანსს (აუდიტორული დასკვნით); ბ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის დავალიანების შესახებ ბიუჯეტის, საფინანსო და სხვა დაწესებულების მიმართ; გ) საინვესტიციო პროექტების საბუთების ასლებს; დ) მოგების პროგნოზირებას და მის განაწილებას საგარანტიო პერიოდში; ე) ეკონომიკურ აგენტსა და საფინანსო დაწესებულებას შორის საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს; ვ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის აქტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაგირავდეს და გამოყენებულ იქნეს დავალიანების დასაფარავად; ზ) ინფორმაციას გადაუხდელ ვალებზე, კრედიტორების ვინაობისა და მისამართების, აგრეთვე ვალების გადახდის მდგომარეობის მითითებით.

3. კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიები არ მიეცემათ: ა) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აღებული აქვთ და არ დაუბრუნებიათ (ვადაში ან ვადის გადაცილებით) ნებისმიერი სხვა კრედიტი; ბ) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საგადასახადო დავალიანება; გ) ახლად რესტრუქტურირებულ საწარმოებს (საგადასახადო და სხვა დავალიანებებთან დაკავშირებით).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/36.md
