---
title: "მუხლი 4. სანიტარიული დაცვის ზონების ზოგადი წესები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/4"
law: "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 32476"
adopted: "1998-03-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სანიტარიული დაცვის ზონების ზოგადი წესები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/4

1. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილებისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები, სადაც აკრძალულია სამუშაოები, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ჰაერს, ზიანს აყენებს ტყეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე.

2. სანიტარიული დაცვის ზონებში ტარდება სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ლანდშაფტის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების სანიტარიული ნორმების დაცვას, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მკურნალობისა და დასვენებისათვის.

3. სანიტარიული დაცვის ზონებში დგინდება საქმიანობის მკაცრი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს იმ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო რესურსების მოვლის, დაცვისა და კვლავწარმოებისათვის.

4. სანიტარიული დაცვის ზონები დგინდება ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის.

5. რამდენიმე კურორტსა და საკურორტო ადგილში ერთი ან ერთზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული მინერალური წყლების საბადოს, მიმდებარე პლაჟისა და სხვა სამკურნალო რესურსების გამოყენებისას შეიძლება დადგინდეს სანიტარიული დაცვის ერთიანი ზონები.

6. სანიტარიული დაცვის ზონებში იმ ბუნებრივი რესურსების დაცვა, რომლებიც არ განეკუთვნება სამკურნალო რესურსებს (სასმელი წყალი, მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის ზედაპირი და სხვ.), ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/5.md
