---
title: "მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/3"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/3

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს:
ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა;
ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:
ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა;
ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა;
გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა;
დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება;
ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები;
ვ) (ამოღებულია);
ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა;
თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა;
ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა;
კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით;
ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები;
ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;
პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა;
ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:
ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია ობიექტების სამშენებლო უბნებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად;
ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა;
გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა;
დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;
ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3226 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/4.md
