---
title: "მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/12"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "12"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/12

1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

1¹. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

1². უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს.

1³. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.

2. მუნიციპალიტეტს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.

2¹. სახელმწიფოს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.

3. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისა, მათი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის IV, V (გარდა 32-ე–35-ე მუხლებისა) და XIV თავებით გათვალისწინებული ნორმები.

4. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6906 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/11-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/12-1.md
